ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები

ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს – სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ქვეყნის თავდაცვის ძალები ინსტიტუციურად ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.
„დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას. მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია. ამავდროულად, ქართული ჯარი ყოველთვის მზად არის, დაიცვას ჩვენი მიწა-წყალი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. თქვენი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის იმედი მუდამ აქვს ჩვენს სახელმწიფოს.
ძვირფასო წვევამდელებო, თქვენ მიერ დღეს დადებული ფიცი არის იმ დიდი პასუხისმგებლობის დასტური, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისთვის იკისრეთ. მჯერა, თქვენი სამსახური გახდება იმ ურყევი მშვიდობის საფუძველი, რომელიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს წინსვლისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს და 35 წლის იუბილეს!
ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს!“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები