დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამხედროების ოჯახებს, ადამიანებს, რომლებიც უდიდესი მოთმინებით, თანადგომითა და სულიერი სიმტკიცით იზიარებენ ღირსეული, თუმცა რთული მსახურების ტვირთს.
„მოგეხსენებათ, თანამედროვე უსაფრთხოების გარემო სწრაფად იცვლება და სახელმწიფოსგან მუდმივ სიფხიზლეს, გაძლიერებასა და განვითარებას მოითხოვს, მით უფრო მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თქვენი სათანადო მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და იმ მომავალს, რომელსაც ერთად ვაშენებთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ დაღუპული გმირების სახელი სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი.
„უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით მინდა გავიხსენო ჩვენი დაღუპული გმირები, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებასა და ღირსებას ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე მიულოცა ახალგაზრდებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი დადეს და ვეტერანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სიმამაცითა და თავდადებით საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ქართულ ჯარს.
„მსურს, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მივულოცო ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან თქვენ იღებთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სამშობლოს წინაშე. სამხედრო ფიცის დადებით თქვენც იმ უწყვეტი ჯაჭვის ნაწილი ხდებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა და აერთიანებდა ქართველ პატრიოტთა თაობებს. საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს საამაყო ვეტერანებს. ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სიმამაცითა და თავდადებით საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ქართულ ჯარს. თქვენი ღვაწლი ცოცხალი მაგალითია დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. თქვენი პატრიოტიზმი, ერთგულება, თავგანწირვა და პროფესიონალიზმი შთაგონების წყაროა მათთვის, ვინც დღეს ამ საპასუხისმგებლო გზას აგრძელებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

