ევროკავშირში კარგად ამჩნევენ, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად იაზრებს მშვიდობის თემას, რა ხდება მსოფლიოში, რა გამოწვევებია და მნიშვნელოვანწილად ამ განზომილებითაც ხელმძღვანელობს, როცა მხარს ხელისუფლებას უჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მუქარაა, რომ ბნელ წარსულში დაბრუნება, სისხლისღვრა, დაპირისპირება სწორედ ის მიზანია, რომელსაც ბრიუსელის ადმინისტრაცია გაჰყვება, თუ საზოგადოების ნაწილი მორჩილი არ იქნება.
„ადრე ხალხს მხოლოდ მათ უწოდებდნენ, ვინც რუსთაველის გამზირზე იყო გამოსული, ახლა მთელ საზოგადოებას ახსენებენ, რომ ხელეწიფებათ საქართველოში მოაწყონ ისეთი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლისღვრასთან და ეკონომიკურ ნგრევასთან, ეს არის მუქარა. პერსონალური მუქარა გახსოვთ, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიმართ გაჟღერდა, რომ უკან თუ არ დაიხევდა და ქედს არ მოიხრიდა, იგივე დაემართებოდა, რაც ფიცოს დაემართა, როდესაც ექვსი თუ შვიდი ტყვია ესროლეს. ეს ირაკლი კობახიძეს ევროკომისარმა პირდაპირ უთხრა, რომ იყოს დამჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, იგივე მოუვიდეს, რაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, შემდეგ სხვა სახის მუქარები იყო.
„ახლა მუქარების ახალი ხარისხია წინ წამოწეული, თუმცა არ მგონია, ეს ჰერჩინსკის ბრალი იყოს. იგი ინსტრუქციას ასრულებს, მით უმეტეს, საქართველოში საქმიანობის ვადა მალე უმთავრდება და, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კარგი კანდიდატია ასეთი მუქარების გაჟღერებისთვის, რომ საზოგადოებას თვალთმაქცურად მოეფეროს. ადამიანი მთელ საქართველოს ემუქრება მაშინ, როდესაც ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. წარმოუდგენელია, ამ მონაცემით, რომელიც თუნდაც ახლა „ატლანტიკურმა საბჭომ“ გამოაქვეყნა, საქართველოს ემუქრება ის უბედურება, რაც ჰერჩინსკიმ დახატა. შეიძლება, რამე ისეთი იცის, რაც ჩვენ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა. საქმიანი საუბარიც უნდა შედგეს, ჰერჩინსკი რის საფუძველზე ემუქრება საქართველოს და მის საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“.
ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

