გვარები იცვლება, მაგრამ ინტერესი, რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სცადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა, ეს ინტერესი არ ცხრება და ამის გამოხატულებაა ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსებაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლად და არ დაუშვებს ასეთი მცდელობების წარმატებას.
„ოპოზიციას რომ უწევდა ამის უარყოფა, ესეც მეტყველებს იმაზე, თუ რა არის ამ ყველაფრის უკან. უკან არის კონკრეტული მცდელობა, არიონ ქვეყანა, თუმცა, როგორც არ გამოუვიდათ ეს ყველაფერი წარსულში, ასე არ გამოუვათ არც მომავალში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის ელჩის კომენტარზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ კი კობახიძემ თქვა, რომ ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია.
„ამ განცხადების შეფასებაც კი რთულია ჩემთვის. როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. შეუძლებელია ამის შეფასება. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ბატონი ელჩი არის სამწუხაროდ, ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს თავისთავად მეტყველებს მის მძიმე მდგომარეობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

