„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა ინერგება

პარლამენტმა  პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.

საკითხი განსახილველად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა წარადგინა.

პროექტის თანახმად, ინერგება ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა. ამ კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა 5 წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით გაიცემა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, აღნიშნული კატეგორიის ვიზა გაიცემა საქართველოში უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე უფლება აქვს, განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, თუ ეს საქმიანობა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას.

აღნიშნული ვიზა ასევე გაიცემა ამ პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე.

„გეოპოლიტიკური კონკურენციის ფონზე, მიგრაციული ნაკადები სრულიად შეცვლილია. განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, დაწყებულია ახალი მიგრაციული ნაკადები. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მიმზიდველი სავიზო რეჟიმით მოვახერხოთ დისტანციურად მომუშავე მაღალშემოსავლიანი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ქვეყანაში“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, ვიზიტორებს შეეძლებათ, ნაცვლად მოკლევადიანი ვიზებისა და განმეორებადი განაცხადების წარდგენისა, ერთჯერადი განაცხადით, მრავალჯერადად შემოვიდნენ ქვეყანაში სავიზო მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ და აქედან განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.

„მაღალი შემოსავლის მქონე ვიზიტორები, როგორც წესი, უფრო მეტს ხარჯავენ ქვეყანაში, რაც ზრდის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, აძლიერებს მომსახურების სფეროს, მათ შორის, სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა ბიზნესს და უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის დამატებით შემოდინებას ქვეყნის ეკონომიკაში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, C5 კატეგორიის ვიზა დამატებით შესაძლებლობას ქმნის ინვესტიციების მოსაზიდად და აღნიშნულ ინიციატივას მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესების მიმართულებითაც.

წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრება, რომ საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონებში, რომლის თანახმად, C5 კატეგორიის ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის მოსაკრებელი და ბაჟი განისაზღვრება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები