კახა კალაძე: ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, არ უნდა მოვატყუოთ ხალხი

ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, სადაც ის ევროკავშირში უკრაინის უფრო სწრაფად გაწევრიანების ახალ წესებს ითხოვს.

კალაძის თქმით, თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც უდიდესი გამოწვევების წინაშე დგანან, მსოფლიოში შექმნილი დაძაბული მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ჩვენ ვიცით, რეალობა რა არის. ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო. ვიღაცები ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. არ უნდა მოვატყუოთ ხალხი. ევროპა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. ვხედავთ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ერთმანეთში რა ურთიერთობა აქვთ, როგორი დაძაბულობაა. მოვისმინეთ განცხადებები ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდანაც. ზოგადად, მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი Bloomberg News-თან საუბარში აცხადებს, რომ არასტაბილური სამყარო უკრაინის გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად ახალ წესებს მოითხოვს. მან ასევე დაადასტურა, რომ ამჟამინდელი პირობების გათვალისწინებით, ქვეყანა ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლისთვის, როგორც ეს დაგეგმილია.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები