ირაკლი კობახიძე: დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს

დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს. ვაპირებთ მივმართოთ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ – სასამართლოებს საჭიროების შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა სამართლებრივი გზა იქნება გამოყენებული, რათა „ბიბისის“ მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა.

„ვფიქრობ, დიდმა ბრიტანეთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, რადგან „ბიბისი“ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით, შესაბამისად, პირველი, რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს. ხედავდით, რომ სკანდალის შექმნის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა იყო, რომელიც სიყალბეზე იყო დაფუძნებული. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება არის დახურული. ჩვენ განვაცხადეთ ღიად და საჯაროდ – ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია, გამოითხოვოს ამ გამოძიების თაობაზე ჩვენგან ინფორმაცია, ყველას გავუზიარებთ სრულ ინფორმაციას.

რაც შეეხება კონკრეტული სითხის გამოყენებას, უკვე ითქვა დაწვრილებით. გამოიყენებოდა ის ნივთიერებები, რომლებიც იყო ნახსენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე. ეს ეხება უკლებლივ ყველა შემთხვევას, როდესაც იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია, ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია, გამოითხოვოს ინფორმაცია, სრული გამჭვირვალობის მზაობა არის ჩვენგან. რაც შეეხება მიმართვიანობას, ხუთმა მიმართა მსუბუქი ინტოქსიკაციით, რომლებიც გაეწერნენ მეორე დღესვე. მინდა, გავიხსენო, 9 აპრილის შემდეგ, როდესაც იყო გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, პირველი სკოლის მოსწავლეებითაც კი, რომლებიც  რამდენიმე დღის შემდეგ მივიდნენ სკოლაში, სავსე იყო მაშინდელი საავადმყოფოები. იმიტომ, რომ როცა იყენებ ქიმიურ ნივთიერებას, შეუძლებელია, ამას არ მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგები. ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია, გამოითხოვოს ინფორმაცია დოკუმენტაციასთან, ნივთიერებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვაპირებთ მივმართოთ Ofcom-ს, ანუ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ – სასამართლოებს საჭიროების შემთხვევაში. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ „ბიბისის“ მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები