ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამერიკის ძალასა და მხარდაჭერას შეუძლია მშვიდობის დამყარება და არ გვინდა ამის დაკარგვა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ რუსეთს არ აქვს მშვიდობის რეალური სურვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამ ომს არ დაიწყებდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას მშვიდობა სჭირდება და უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსოფლიოში არავინ თქვას, რომ „ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც დიპლომატიური ურთიერთობები არ ესმის“.
„დღეს მე შევხვდი შეერთებული შტატების წარმომადგენლებს. ეს იყო მნიშვნელოვანი დელეგაცია, რომელთანაც ძალიან სერიოზული საუბარი მქონდა. ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა თავისი წინადადებები, ომის დასრულების გეგმის პუნქტები, მათი ხედვა. ომის პირველივე დღეებიდან ჩვენ დავიკავეთ ერთი, ძალიან მარტივი პოზიცია: უკრაინას სჭირდება მშვიდობა. ნამდვილი მშვიდობა ისეთი, რომელიც არ დაირღვევა მესამე შემოჭრით. ღირსეული მშვიდობა – ისე, რომ პირობები იყოს ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის ღირსების პატივისცემით. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სწორედ ეს პირობები. მე გამოვყავი ის, რაც ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ჩვენ შევთანხმდით, რომ გუნდები იმუშავებენ ამ წინადადებებზე ისე, რომ ეს იყოს რეალური. ჩვენ არ გავაკეთებთ მკაცრ განცხადებებს და ერთგულები ვართ მკაფიო, პატიოსანი მუშაობის – უკრაინა, შეერთებული შტატები, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ევროპასა და მსოფლიოში.
ამ დღეებში ბევრი საუბარი იყო ევროპელ ლიდერებთან, ბევრი მიმოწერა – მადლობას ვუხდი უკრაინის ყველა მეგობარს მხარდაჭერისთვის. დღეს ვესაუბრე ფინეთის პრეზიდენტ სტუბს. ჩვენ ვაკოორდინებთ ჩვენს ძალისხმევას. მუდმივად ვუკავშირდები სხვა ლიდერებს, საფრანგეთის პრეზიდენტს. ველოდები, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპთანაც ვისაუბრებ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამერიკის ძალასა და მხარდაჭერას შეუძლია მშვიდობის დამყარება და არ გვინდა ამის დაკარგვა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ რუსეთს არ აქვს მშვიდობის რეალური სურვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამ ომს არ დაიწყებდნენ. არსებობს მრავალი შეფასება, საკმაოდ სამართლიანი, რომ რუსეთი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ რამეს ცდილობდა. კერძოდ, სანქციების გადადებას და ომისთვის მეტი დროის მოპოვებას. ამერიკას შეუძლია უზრუნველყოს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, დაასრულოს ომი, საბოლოოდ სერიოზული გახდეს. მე ამისთვის 100 პროცენტით გავაგრძელებ მუშაობას. ახლა მთელი ჩემი დრო ამას ეთმობა. უკრაინას მშვიდობა სჭირდება და უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსოფლიოში არავინ თქვას, რომ ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც დიპლომატიური ურთიერთობები არ ესმის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინული მედია რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსს აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, ომის დასრულების გეგმა 28 პუნქტს შეიცავს, რომლებიც შესაძლოა, შეიცვალოს.
ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება, ამასთან, უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ნატო-ში არ შევა. გეგმის მიხედვით, ალიანსი არ გაფართოვდება და უარს იტყვის გაფართოებაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო გეგმაში“ საუბარია ტერიტორიულ საკითხებზეც. კერძოდ, ოკუპირებული ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებულნი იქნებიან რუსულ რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული ძალები კი გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.
ამასთან, გეგმის მიხედვით, უკრაინა იღებს ვალდებულებას, ჩაატაროს არჩევნები 100 დღის განმავლობაში.

