„კონტრასტი:
გუშინ ფაშინიანი გამოვიდა სომხეთის პარლამენტში და წარმოუდგენლად თამამი განცხადება გააკეთა, რომ კგბ გვიდებდა თავში თურქები და აზერები რომ ჩვენი მტრები არიანო, იმათაც იგივეს უდებდა თავში და ეს უნდა დავამთავროთო.
დღეს ალიევი გამოვიდა აზერბაიჯანის პარლამენტში და სომხეთი ჩვენი ისტორიული ტერიტორიაა, ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთო. მანქანებით უნდა დავბრუნდეთ, ჩავსახლდეთ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ არ დავიპყრობთო. იქვე დაამატა, რომ არავითარი სევანის ტბა არ არსებობს, ეს არის გოგჩის ტბაო (გოგჩა სევანის თურქულენოვანი სახელწოდებაა).
მანქანებით უნდა დავბრუნდეთ და ჩავსახლდეთო, თან გვენდეთ რომ არაფერს წაგართმევთო ამბობს კაცი, ვინც ხუთი წელია სახმელეთო საზღვარი დაკეტა და დღემდე “კოვიდ პანდემიის” საბაბით არ აღებს, რათა რუსეთ-უკრაინის ომს გამოქცეული რუსები არ ჩაუსახლდნენ აზერბაიჯანში. თან ჩავსახლდებითო, თან ჩვენი ისტორიული ტერიტორია არისო.
იქვე, აზერბაიჯანელ მეცნიერებს ამ ისტორიულობის სამეცნიერო გამყარება დაავალა.
ფაშინიანის ძალიან გაბედული გამოსვლის პასუხად ასეთი სიტყვის თქმა არის უტაქტობა, პოლიტიკური უაზრობა და ობსტრუქტივიზმი. ფაშინიანი მისი ოპონენტების წინაშე იდიოტის როლში გამოჩნდა, რომელიც სომხეთს იმ კაცს აბარებს, ვისაც სომხეთის მთლიანად წაღება უნდა. თუ ადამიანს მშვიდობა და გზების გახსნა უნდა სომხეთთან, ის ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა.
ყარაბაღი შეიერთა, ტრამპთან დალაგდა (თუმცა აზერბაიჯანის გამოთქმა ვერ ასწავლა), პუტინს ბოდიშები ახდევინა და ეტყობა თავში აუვარდა. მისი ასეთი ამბიციები და მადები საქართველოსთვისაც საშიშია და მთელი რეგიონისთვის.
რა უნდა ქნას სომხეთმა: ამ განცხადების მიუხედავად, მიაწვეს მშვიდობას, რადგან მისთვის მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ამავე დროს, განაგრძოს შეიარაღება და საცხოვრებლად არც ერთი აზერბაიჯანელი არ დაუშვას სომხეთის ტერიტორიაზე, მანამ სანამ აზერბაიჯანში ასეთი რეჟიმია მმართველობაში“ – წერს ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.

