GUARDIANGE.COM – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლის დირექტორი ამაიაკ საიადიანი 2011 წლამდე, დირექტორად დანიშვნამდე, სკოლაში 23 წელი მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სკოლის გარემო კარგად იყო ცნობილი და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება გააჩნდა, დირექტორის მოვალეობის შესრულების მომენტიდან მას უკვე გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობის აღება და რთული პრობლემების გამკლავება მოუწია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელსოფელი მარნეული-სადახლოს ცენტრალური ავტომაგისტრალის შუაგულში მდებარე შულავერიდან ხელმარცხნივ, სულ რაღაც 1 კილომეტრში, ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს. აღნიშნული სოფელი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული, სადაც ერთი სომხურენოვანი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

როგორც ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE.COM-ს ამაიაკ საიადიანმა ქართულ ენაზე განუცხადა, მისი დირექტორობის პერიოდში 105 წლის ისტორიის მქონე სკოლის ინფრასტრუქტურა ძირეულად გაუმჯობესდა და ამ დროისთვის სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვისთვის ნორმალური პირობებია შექმნილი, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.
„როცა სკოლის დირექტორი გავხდი, ჩვენი დაფინანსება ძალიან შეზღუდული იყო და მარტო ხელფასების გასაცემად ირიცხებოდა თანხები, შემდეგ გაიზარდა დაფინანსება და ბევრი რამის გაკეთება მოვახერხეთ სკოლის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. შევცვალეთ სკოლის სახურავი, დავაყენეთ ახალი კარ-ფანჯრები, დავამონტაჟეთ ცენტრალური გათბობა, რადგან უწყვეტად მოგვეწოდება ბუნებრივი აირი, გავაკეთეთ სველი წერტილები, შევიძინეთ ახალი მაგიდები, კარადები. ასევე, წელს სკოლის ეზო ახალი მასალებით შემოვღობეთ. სახურავი და კარ-ფანჯრები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და განათლების სამინისტროს ჩართულობით გამოვცვალეთ, დანარჩენი პრობლემები კი სკოლის ბიუჯეტით მოვაგვარეთ. მოკლედ, ყველაფერი ვიღონეთ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და ნორმალურად წარმართვისთვის. ვფიქრობ, მთავარი გაკეთებულია და ბავშვებს სავსებით სათანადო სასწავლო გარემო აქვთ შექმნილი სწავლა-განათლების მისაღებად. სკოლა უზრუნველყოფილია კომპიუტერებითა და ინტერნეტით, სახელმძღვანელოებით, რომელსაც ყოველ წელს უფასოდ ვიღებთ სამინისტროდან, თუმცა დარჩენილია გარკვეული საკითხები, რომლის მოგვარებაც აუცილებელია იმისათვის, რომ სკოლამ ავტორიზაცია შეუფერხებლად გაიაროს“, – უთხრა GUARDIANGE.COM-ს ამაიაკ საიადიანმა.

დირექტორი მიიჩნევს, რომ სკოლისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ფართის სიმჭიდროვე და სპორტული დარბაზის არარსებობა რჩება. მაშინ, როცა ახალი შენობის მშენებლობის საკითხი ჰორიზონტზე არ ჩანს, სპორტული დარბაზის მხრივ დამაიმედებელი მომავალი ისახება მას შემდეგ, რაც სკოლამ პროექტის შედგენა და სამინისტროში გაგზავნა მოახერხა, ხოლო დაფინანსების წყაროც, თანასოფლელების სახით, მოპოვებულია.
„ვფიქრობ, რომ სკოლისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ფართის ნაკლებობაა, სკოლაში მარტო 6 სასწავლო კლასია, რასაც ემატება კომპიუტერების ოთახი, სამასწავლებლო და დირექტორის კაბინეტი და აქედან გამომდინარე, ორ ცვლაში გვიწევს სასწავლო პროცესის წარმართვა. ვნახოთ, მომავალ წლებში რა შეიძლება შეიცვალოს ამ მიმართულებით. ამჟამად, პირველ ცვლაში სწავლობენ პირველკლასელები და მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები, ხოლო მეორე ცვლაში მე-2 კლასიდან მე-7 კლასის ჩათვლით. რაც შეხება მოსწავლეთა რაოდენობას, ბოლო წლებში ამ მხრივ დიდი ცვლილებები არ გვაქვს. მათი რაოდენობა, სხვადასხვა სასწავლო წელს 115-დან 130-მდე მერყეობს. მაგალითად, ერთ წელს შეიძლება 2 ან 5 მოსწავლით მეტი გვყავდეს, მეორე წელს კი ამდენივეთი ნაკლები იყოს. 2025-2026 სასწავლო წელს, ჩვენთან 111 მოსწავლე ირიცხება. ჩემი ბავშვობის პერიოდს თუ გავიხსენებთ, დაახლოებით 250-მდე ბავშვი სწავლობდა, ანუ 2-ჯერ მეტი. აღსანიშნავია, რომ მაშინაც ამ შენობაში მიმდინარეობდა სწავლა. წარმოიდგინეთ, ეს შენობა 1920 წელსაა აშენებული, 105 წლისაა და 2002 წელს ჩატარდა კაპიტალური რემონტი, გამაგრებითი სამუშაოები, მთლიანად შეიცვალა იატაკი და ყველაფერ ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით სოფლის მცხოვრებლებს.

„მოგეხსენებათ, 2002 წელს ქვეყანაში როგორი მდგომარეობა იყო და სახელმწიფოს არ გააჩნდა სახსრები სკოლების რეაბილიტაციისთვის. წინა დირექტორმა ერთ-ერთ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, შევისყიდეთ მასალები, თუმცა სოფლის მცხოვრებლები სრულიად უფასოდ იყვნენ ჩართული სარემონტო სამუშაოებში. ამის შემდეგ, სხვადასხვა პერიოდულობით, კოსმეტიკური რემონტი ტარდებოდა. კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რაც კი საჭიროა სასწავლო პროცესის ნორმალური წარმართვისთვის, ვფიქრობთ, სკოლამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში უკვე გააკეთა. თუმცა, მოგეხსენებათ, ავტორიზაციის გავლისთვის უკეთესად უნდა მოვემზადოთ. სავარაუდოდ, 2027 წლისთვის მოგვიწევს ავტორიზაცია.
„სოფლის მცხოვრებთა ინიციატივით, ჩვენ გავაკეთეთ სპორტული დარბაზის პროექტი, რომელიც სამინისტროშია გადაგზავნილი და ველოდებით პასუხს. როგორც კი მათგან ნებართვა მოგვივა, სოფელი მზადაა ააშენოს სპორტდარბაზი. დავაზუსტებ, წერილი იმის თაობაზე, რომ სპორტული დარბაზის მშენებლობა გვსურდა, ერთი წლის წინ გავუგზავნეთ განათლების სამინისტროს, საიდანაც დადებითი პასუხი მოგვივიდა, თუმცა პროექტი ახლახან დავასრულეთ, თავისი ხარჯთაღრიცხვით, ექსპერტიზის დასკვნით და შესაბამისად, ახალი გაგზავნილი გვაქვს თბილისში და ვვარაუდობთ, რომ ამაზეც დადებით პასუხს მივიღებთ.

„შესანიშნავი ახალგაზრდობა გვეზრდება და მათი სპორტული განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის დამერწმუნებით, დიდი წვლილის შემტანი იქნება თანამედროვე სპორტული დარბაზის ქონა. საბედნიეროდ, სკოლას საკმარისი ტერიტორია აქვს, 14 000კვ.მ. და ვფიქრობთ, უკანა მხარეს ავაშენოთ სპორტული დარბაზი და მომავალში, არ არის გამორიცხული ახალი სკოლის მშენებლობის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში, რადგან დღევანდელი შენობა, როგორც უკვე გითხარით, საუკუნეზე მეტი ხნისაა და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, ადრე თუ გვიან, მისი ჩანაცვლების საკითხი გარდაუვალი იქნება, თუნდაც იმის გამო, რომ ერთ ცვლაზე გადავიდეთ“, – განაცხადა ამაიაკ საიადიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად წითელსოფელის საჯარო სკოლაში, მისი ჩათვლით, 22 მასწავლებელი მუშაობს, საიდანაც 20 უფროსია და ორი ჯერ კიდევ პრაქტიკოსი.
„მოგეხსენებათ, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გამოცდები ყოველწლიურად ტარდება და ამ პროცესში არაქართულენოვანი საჯარო სკოლებიც ინტენსიურად არიან ჩართული. სკოლაში 22 მასწავლებელი მუშაობს, აქედან 20 უფროსია, ორი კი პრაქტიკოსი, მათგან ერთი სპეცმასწავლებელია და მეორე კი, საგანს ასწავლის. მას საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს და გრძელვადიანი ტრენინგების საფუძველზე უფროსი მასწავლებელი გახდება. რაც შეეხება სპეციალურ მასწავლებელს, ახლა იქნება მათთვის გამოცდა და ჩვენი სპეცმასწავლებელიც გავა გამოცდაზე“, – განაცხადა დირექტორმა.

ამაიაკ საიადიანი ამაყობს იმით, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთის გვერდიგვერდ მეგობრულ გარემოში ცხოვრობენ და მათ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. მისი თქმით, 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სოფლების მცხოვრებლებს სწორედ წითელსოფელის საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მოუწევთ ხმის მიცემა.
„ჩვენ სომხური სოფელი ვართ, რომელიც ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის, გარშემო აზერბაიჯანულენოვანი სოფლებია და ქართულიც. ამ ადმინისტრაციულ ერთეულში შედის მარადისი, აჭარული სოფელი, ქვემო და ზემო ყულარი, კირიხლო, დაშტაფა – ეს სოფლები კი ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ამ ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა საკითხი ერთად წყდება. ჩვენ შორის ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა, არ არის და ვფიქრობ, არც მომავალში იქნება და არც უნდა იყოს. ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში სამი ეროვნების წარმომადგენლები ვცხოვრობთ. სკოლაში გახსნილია საარჩევნო უბანი, სადაც მარადისი, ქართული სოფელი – წითელსოფელი – სომხური სოფელი და ბუდიონოვკა – აზერბაიჯანული სოფელი შედის. მოკლედ, ამ საარჩევნო უბანზე აჭარლები, ანუ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები ერთად მივცემთ ხმას 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
„ჩვენ შორის ჭირსა თუ ლხინში მიმოსვლა არასდროს შეწყვეტილა. არაერთ აზერბაიჯანულ ქორწილში ვარ ნამყოფი, ისინიც მოდიან ჩვენთან. ჩვენც ვპატიჟებთ მათ ქორწილებში. მაშინაც კი, როცა მთიან ყარაბაღში ომი მიდიოდა, ჩვენ შორის არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა. შეიძლება მარნეულში ახალგაზრდებს შორის ერთ-ორ რაღაც უსიამოვნო შემთხვევას ჰქონოდა ადგილი, მაგრამ ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში არაფერი მსგავსი არ მომხდარა.
„რაც შეეხება მთელი მარნეულის მასშტაბით ჩემს კოლეგებთან, როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან საჯარო სკოლებთან, მათ დირექტორებთან ურთიერთობას, ესეც შესანიშნავ დონეზეა. უფრო მეტიც, ადრეულ წლებში, ახალქალაქის, ნინოწმინდის და წალკის სომხურენოვანი სკოლების დირექტორებთანაც მქონდა ურთიერთობა. ეს ის პერიოდია, 2012-2013 წლები, როცა ქალაქ ქუთაისში,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ერთად გავდიოდით კურსებს. შემდეგ, სამწუხაროდ, შენელდა ეს ურთიერთობები.
„უნდა ითქვას, რომ ჟვანიას სკოლამ ბევრი რამ მოგვცა. უფრო დავხვეწეთ ქართული ენა. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ პირადად მე, სკოლიდანვე მქონდა ამის საფუძველი, ქართული ენის მასწავლებლებთან ხშირად ვსაუბრობდი, ვსწავლობდი მათგან და ჟვანიას სკოლაში კიდევ უფრო მეტად განვიმტკიცე ეს ცოდნა. ძალიან კარგი ტრენერი გვყავდა, ბატონი დავით ხელაძე, რომელიც შესანიშნავი ადამიანი და მაღალპროფესიონალი ტრენერი იყო. ამ სკოლამ მე და ჩემს კოლეგებს დიდი დახმარება გაგვიწია“, – განაცხადა ამაიაკ საიადიანმა ქართულ ენაზე GUARDIANGE.COM-თან საუბრისას.
(შენიშვნა: ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE.COM მოგვიანებით შემოგთავაზებთ სტატიას იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლაში და როგორი შედეგი აქვთ მოსწავლეებს სახელმწიფო ენის შესწავლის მხრივ).
ამაიაკ საიადიანის ბიოგრაფიული ცნობები

დაიბადა 1966 წლის 9 მარტს, სოფელ წითელსოფელში, 1983 წელს დაამთავარა ამავე სოფლის საშუალო სკოლა და უმაღლესი განათლების მისაღებად სომხეთის ქალაქ ვანაძორის პედაგოგიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა. სწავლის დაწყებიდან ერთ წელიწადში სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს, მოსკოვის ოლქში, ქალაქ ნარო-ფომინსკში და მისი დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელს დაუბრუნდა. მან 1988 წელს დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტი, დაბრუნდა საქართველოში და მშობლიურ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 2011 წელს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და დღემდე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობს, 4 წლის წინ მათემატიკის და პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა, დირექტორობის პარალელურად, დღემდე ასწავლის მათემატიკას.
დაბლა იხილეთ GUARDIANGE.COM-ის ფოტომასალა












































