მინდა ყველას ვუთხრა – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ – უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება… ვერც ამერიკა, ვერც ევროპა და ვერც რუსეთი ჩვენი ბატონი ვერ იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პროცესები, რაც დღეს საქართველოში ხდება, ერთი-ერთში არის იმ პროცესების ანალოგი, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა.
მისივე თქმით, დღეს არის მცდელობა, რომ „დონორების რევოლუცია“ მოაწყონ.
„გადავხედოთ წარსულს, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიმართ მიზანმიმართული რყევები მიმდინარეობს. პირველად, ოპოზიცია რევოლუციის მოწყობას ცდილობდა, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები ხალხს მოუწოდებდნენ, მთავრობა უნდა გადადგესო. ამას მოჰყვა „ჟურნალისტების რევოლუციის“ მცდელობა. დღეს, 2024 წელს „დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა აქვთ. ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება, ანალოგიურია იმ პროცესების, რაც უკრაინაში 2014 წელს ხდებოდა. აქციის შინაარსი, პერფორმანსები ერთი-ერთში აკერმანის სახელმძღვანელოდან არის. კიდევ იქ არიან ჩარჩენილნი და ისევ იმ მეთოდებით ცდილობენ რევოლუციის მოწყობას.
2014 წელს უკრაინაში რევოლუცია მოხდა და ახლა რა მდგომარეობაში არიან, ყველა ვხედავთ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვუთხრა – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ – უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება. ჩვენ გამოვლილი გვაქვს და ვიცით, ომი რამხელა უბედურების მომტანია. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, სანქციებს შევუერთდეთ და ა.შ. ვერც ამერიკა, ვერც ევროპა და ვერც რუსეთი ჩვენი ბატონი ვერ იქნება. ჩვენი ბატონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, უცხოელი დონორი ორგანიზაციები საქართველოში კარგ პროექტებსაც ახორციელებენ, თუმცა, შავი ფულის შემოდინებაც ხდება, რაც გამჭვირვალე არ არის.
„რა თქმა უნდა, აქციებზე დგას ადამიანების ნაწილი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის რადიკალურ ფრთასთან არ უნდა გავაიგივოთ. ასევე, იქ დგანან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დონორებისგან ფინანსდებიან და ეს ყველაფერი გაუმჭვირვალეა. არავინ იცის, საიდან და რისთვის ფინანსდებიან. ამის მაგალითი უკვე გვქონდა, როცა ვითომ, მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის ტრენინგს აწყობდნენ და ამ დროს რევოლუციაზე საუბრობდნენ. ერთი ხელით კარგ პროექტებს აფინანსებენ და ამას ჯანსაღი ადამიანი რანაირად შეეწინააღმდეგება? ყველა მსგავს პროექტს მივესალმებით. თუმცა, არის შავი ფულის შემოდინება, რაც არ უნდათ გამჭვირვალე იყოს, რადგან ექსტრემისტულ ორგანიზაციებს ვეღარ დააფინანსებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.