ვაცხადებ ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს.
„ვაცხადებ ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. მათ შორის იმ პირებზე, ვინც „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობასთან კავშირში არიან“, – დაწერა ბლინკენმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ენტონი ბლინკენის ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის“ კანონი, რომელიც ჩაახშობს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას, მოახდენს ორგანიზაციების სტიგმატიზაციას, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც ქართველი ხალხისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე მუშაობენ.
რადგან საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს წინააღმდეგობა კანონის მიმართ, ჩვენ დავინახეთ დაშინების კამპანიის აშკარა მინიშნებები და ძალადობის გამოყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად. როგორც „ეროვნული უსაფრთხოების კანონი“, ასევე რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს, რომელიც ასახულია მის კონსტიტუციაში – ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.
საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის გრძელვადიანი და ფუნდამენტურია. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუციებს – მათ შორის საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან მის შემდეგ პერიოდში – ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, შეეზღუდოს აშშ-ის ვიზის მიღების უფლება და შეეზღუდოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა. ამ შეზღუდვებს ასეთი პირების ოჯახის უშუალო წევრებიც შეიძლება დაექვემდებარონ.
დღეს ასევე ვიწყებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი საკითხების ძირეულ გადახედვას. ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვისას და გადაწყვეტილებების მიღებისას, ჩვენ გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ეს სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა ემყარება იმიგრაციისა და ნაციონალური აქტის 212 (a) 3 (c) პუნქტს და სახელმწიფო დეპარტამენტს საშუალებას აძლევს განახორციელოს სავიზო შეზღუდვები იმ პირების მიმართ – იქნებიან ეს ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები – რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენების გზით, რათა ხელი შეუშალონ სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელებას, ასევე ასეთი პირების ოჯახების უშუალო წევრებს.