ერევანში საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიების შეხვედრა გაიმართა

6 ნოემბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის შეხვედრა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი.

„მხარეებმა დადებითად შეაფასეს კომისიების მუშაობის რამდენიმე წლის შემდეგ განახლება და ხაზი გაუსვეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის მნიშვნელობას საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. მხარეებმა გამოხატეს საერთო ინტერესი, პროცესი დაასრულონ დიალოგითა და კონსტრუქციული სულისკვეთებით.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, შეთანხმებული ოქმებისა და მომავალში შესაძლო დამატებითი ნაბიჯების შესახებ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პროცესის ეფექტიანად წარმართვას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, მხარეებმა ასევე განიხილეს დელიმიტაციის პროცესის გაგრძელებისა და კომისიების შემდგომი მუშაობის საკითხები.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები