ევროკომისია: საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შეფასება მხოლოდ ნომინალურია

ევროკომისიამ 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენასთან დაკავშირებით პრესრელიზი გამოაქვეყნდა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შეფასება მხოლოდ ნომინალურია.

„საქართველო კვლავ არ ასრულებს კანდიდატის სტატუსისთვის კომისიის რეკომენდაციაში მოცემულ ცხრა ნაბიჯს, რადგან მმართველი პარტია განაგრძობს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო სივრცისთვის ძირის გამოთხრას. ამავდროულად, ხელს უწყობს სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის კურსს და არ დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლად არსებულ ფუნდამენტურ პრინციპებს, საქართველო კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანების წინა პროცესისთვის სარგებლის მიღებას კვლავაც ვერ შეძლებს. ევროკავშირის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, ისევე როგორც მისი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს ოფიციალურად გადასცა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები