„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესმა პარტიები გააცოცხლა. აშკარაა მათი ინტელექტუალური და მორალური უპირატესობა „ოცნების“ დაბალკვალიფიციურ წარმომადგენლებთან შედარებით. ამ წარმომადგენლობაში მოსამართლეებიც შედიან.
წარმოვიდგინოთ, რომ ბოიკოტის ქრონიკულ მოყვარულებს (რასაც პირადად მე 2016 წლიდან შევეჯახე) უარი ეთქვათ ამ პროცესში მონაწილეობაზე. სახელისუფლებო პროპაგანდა ამ პროცესს ისე გააშუქებდა, რომ ბევრს დაარწმუნებდა პარტიების გაუქმების მართებულობაში. პარლამენტში ე. წ. წულუკიანის კომისიის სხდომები სერიალებივით გადაიცემოდა და ხალხი მათ უყურებდა როგორც აქეთა, ისე იქეთა მხრიდან. რატომ თქვეს უარი ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე? ვინ დარჩა მოგებული? რომელმა ბოიკოტმა მოიტანა შედეგი ბოლო ათი წლის განმავლობაში? თუ მოიტანა, რა არის ეს შედეგი? ყველა შედეგი გაზომვადია.
არ მინდა, დღეს პარტიების მიმართ კრიტიკული ვიყო, როცა მათ საქებრად გადავწყვიტე ამ ტექსტის დაწერა. ბრწყინვალეები იყვნენ სასამართლოზე გუშინ და გუშინწინ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ახლების“ წარმომადგენლები. დარწმუნებული ვარ, დღესაც მაღალპროფესიულ არგუმენტებს შემოგვთავაზებენ „ლელოსა“ და გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც. ისინიც წინა დღეებშიც სოლიდურად გამოიყურებოდნენ.
ჩვენ ვებრძვით მილიარდობით დოლარის რესურსების მქონე რუსულ რეჟიმს. ასეულობით მილიონი ლარი წელიწადში მხოლოდ სახელისუფლებო პროპაგანდისტულ არხებზე იხარჯება, მაშინ როცა ოპოზიციური ტელევიზიები მილევად რეჟიმშია. თუ პარტიები გააუქმეს, ისინიც გაუქმდებიან. პარტიებმა ამ უთანასწორო ბრძოლაში ყველა შესაძლო საშუალება უნდა გამოიყენონ-ყველა ტრიბუნა. სასამართლო პროცესმაც ეს გვაჩვენა.
და ბოლოს, ხალხი ჯერ კიდევ ვერ გრძნობს იმ საფრთხეს, რომელიც ქვეყანას პარტიების გაუქმებით ემუქრება. ხალხმა იგრძნო, რას კარგავდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით და ქუჩაში გამოვიდა. არნახული რაოდენობის ჩვენი მოქალაქე დადგა ქვეყნის მომავლის გადასარჩენად. პარტიების გაუქმების შედეგები გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე თუნდაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სამომავლოდ გადადება. გააცნობიერა თუ არა საზოგადოებამ საფრთხის მასშტაბი, ამას მაშინ მივხვდებით, თუ ქუჩაში იმდენ ადამიანს ვნახავთ, რამდენიც ორი წლის წინ იყო.
ახლა ლოდინის დრო არ არის, ახლა მოქმედების დროა“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

