აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს პასუხობს: აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანული სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია

საქართველოს საპატრიარქოს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„დაუშვებელია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებით მოხსენიება.

აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავდროულად, ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი იგივე პატივისცემის დემონსტრირება ორ ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

სწორედ ამ მხრივ არის გაუგებარი საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ ისეთი მიდგომებისგან, რომლებმაც შეიძლება შეარყიოს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობისა და კეთილმეზობლური ისტორიული კავშირები.

ამ მხრივ, არ არის რეკომენდებული სომხური ეკლესიის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მისი გზის გაყოლა.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანული სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქომ 24 სექტემბერს გაავრცელა.

„მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე.

დავძენთ იმასაც, რომ ამ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია.

შესაბამისად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება, მათი კომპეტენციისა და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ საკითხით, მოიპოვონ ოფიციალური ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მის განხილვაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და დარგის ქართველი სპეციალისტების ჩართვას.

ვფიქრობთ, მხოლოდ დროული და კოორდინირებული თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო დაცვა და შენარჩუნება“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები