GUARDIANGE – აშშ-სა და ისრაელთან თითქმის შვიდთვიანი ომის შემდეგ, პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანი არასდროს „მოიდრეკს მუხლს“ თუმცა მზადაა კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას, რომ თუ შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, ისლამურ რესპუბლიკას „გაანადგურებს“, მან გაეროს გენერალური ასამბლეიდან უპასუხა: „ირანელი ხალხის წინააღმდეგობა მხოლოდ გაიზრდება სანქციების, გაზრდილი ზეწოლისა და გაზრდილი დაშინების ფონზე“.
ფეზეშქიანმა ასევე დაჟინებით მოითხოვა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს აშშ-ის ბლოკადის გაუქმებას, რომელიც ირანულ გემებს სპარსეთის ყურის საკვანძო სანაოსნო გზით სარგებლობაში უშლის ხელს.
„არ შეიძლება ისე იყოს, რომ ყველა სარგებლობდეს ჰორმუზის სრუტით, ჩვენ კი წვდომა არ გვქონდეს“, – თქვა მან.
აშშ-ის დელეგაციამ ფეზეშქიანის გამოსვლის დასაწყისშივე დატოვა დარბაზი, კომენტარი კი დაუყოვნებლივ არ გაკეთებულა.
„აშშ-ის პრეზიდენტმა ჩვენ ტერორისტებად მოგვიხსენია. ჩვენ ტერორიზმის მსხვერპლნი ვართ“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ნიუ იორკში, გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლისას.
შემდეგ მან ასწია ქვეყნის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ფოტო, რომელიც თებერვლის ბოლოს აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი თავდასხმის დროს მის რეზიდენციაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა.
მან ასევე წარმოადგინა 175-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ფოტოები, რომელთაგან ორი მესამედი ბავშვი იყო და რომლებიც ირანის ხელისუფლების თქმით, იმ დღეს მინაბის დაწყებით სკოლასა და ლამერდის სპორტულ კომპლექსზე სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპნენ. აშშ-მ უარყო ლამერდის დარტყმა და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ იძიებს მინაბში მომხდარ მოვლენებს.
„ჩვენი უდანაშაულო ხალხი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული ლაჩრული თავდასხმებისა და აგრესიის სამიზნე გახდა. ჩვენ კი თავი უდიდესი ძალით დავიცავით“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.
ამასთან, 23 სექტემბერს, ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემზე თავდასხმის შედეგად ინდოელი მეზღვაური დაიღუპა, იტყობინება სააგენტო „ფრანს პრესი“ ომანისა და ინდოეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
თავდასხმა დაგმო ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მოუწოდა სრუტეში შეუფერხებელი გადაადგილების აღდგენისკენ.
თებერვალში ირანმა შური იძია აშშ-ისრაელის მასშტაბური საჰაერო კამპანიისთვის და ისრაელსა და მეზობელ სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული, სარაკეტო და დრონებით თავდასხმები განახორციელა.
ირანმა ასევე, სპარსეთის ყურეში, ომანის ყურესა და არაბეთის ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმებით, ფაქტობრივად, დაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც ჩვეულებრივ გლობალური ნავთობისა და გაზის გადაზიდვების მეხუთედი ხორციელდება. აღნიშნულს, აშშ-მ აპრილში ირანის პორტებისა და გემების ბლოკადით უპასუხა.
ივნისში აშშ-მ და ირანმა ომის დასრულებისა და სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმება რამდენიმე კვირაში ჩაიშალა, მას შემდეგ, რაც ირანმა გემებზე თავდასხმები განაახლა და აშშ-მ ბლოკადა აღადგინა.
ირანს სურს სრუტეზე გარკვეული კონტროლის შენარჩუნება და აქ გამავალი გემებისგან მოსაკრებლების აკრეფა, რასაც აშშ არ ეთანხმება.
22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეისადმი მიმართვისას, ტრამპმა განაცხადა, რომ მას „დიდი გადაწყვეტილება“ აქვს მისაღები – ან მოლაპარაკების გზით მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც ირანელებს საშუალებას მისცემს, აღადგინონ თავიანთი ქვეყანა, ან „გაანადგუროს ისლამური რესპუბლიკა და ეს სწრაფად გააკეთოს“.
ფეზეშქიანის თქმით, მუქარა „დაშინების მენტალიტეტის ნიშანი“ იყო.
„[ტრამპმა] უნდა იცოდეს, რომ ირანელი ხალხის წინააღმდეგობა მხოლოდ გაიზრდება სანქციების, გაზრდილი ზეწოლისა და დაშინების ფონზე. ჩვენ არასდროს დავხრით თავს და არ მოვიხრით მუხლს“, – თქვა მან, თუმცა დაამატა: „ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, დიპლომატიისა და მოლაპარაკებებისთვის ძალისმიერი რიტორიკის გარეშე“.
ფეზეშქიანმა ნათლად განაცხადა, რომ აშშ-ის ბლოკადა უნდა დასრულდეს.
„არ შეიძლება ისე იყოს, რომ ყველა სარგებლობდეს ჰორმუზის სრუტით, მაშინ როცა ჩვენ ამ წყალსატევით გადაზიდვებზე წვდომა არ გვაქვს“, – თქვა მან.
მან ასევე გაიმეორა, რომ ირანი არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას, თუმცა არ დათმობს სამოქალაქო ბირთვული პროგრამის უფლებას.
„ჩვენ ნათლად ვაცხადებთ: არანაირი ბირთვული იარაღი და არანაირი შეზღუდვა მშვიდობიანი ბირთვული ტექნოლოგიების მიმართ.“
ტრამპმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ომმა ირანს ბირთვული ბომბის მოპოვებაში ხელი შეუშალა და მოითხოვა, რომ მისმა ლიდერებმა „უარი თქვან ბირთვულ ამბიციებზე“.
22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ და აშშ-ის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კატარელი შუამავლების შუამავლობით არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს.
უიტკოფმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები – ივნისის შემდეგ პირველი – „კონსტრუქციული და პერსპექტიული აღმოჩნდება“ და დასძინა, რომ შუამავლები განაგრძობენ მუშაობას.
თუმცა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ, განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას „არაფერი სიახლე არ იყო“ და რომ არაღჩიმ შეინარჩუნა ირანის პირობები, მათ შორის აშშ-ის ბლოკადის დასრულება და ირანის გაყინული აქტივების განთავისუფლება.


