რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროები გაერთიანდება და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროები გაერთიანდება და ცალკე, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, მთავრობა ახალი პოსტის შექმნის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტიდან გაიწვევს და მის ნაცვლად, ახალ ცვლილებებს წარადგენს, რომელსაც პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში განიხილავს.

შალვა პაპუაშვილის ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა, ახალი პოსტის შექმნის საჭიროება აღარ არსებობს.

„მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება მოხდება. მგონი, თავიდანვე ითქვა, რომ ის ამოცანები, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახით პრემიერ-მინისტრმა მამუკა მდინარაძეს დააკისრა, იყო მისი პირადი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და მან ეს ფუნქცია ძალიან კარგად შეასრულა, ეს სისტემა კარგად არის აწყობილი. იყო სურვილი, რომ კოორდინაციის თვალსაზრისით, იგივე რეგიონული მიმართულებითაც გაკეთებულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან წასულიყო, ეს საჭიროება აღარ დგას. ამ თანამდებობის შექმნა სწორედ მამუკა მდინარაძის შესაძლებობებიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული. ამას პოლიტიკური გამოცდილება სჭირდება, რაც განსაკუთრებულად მამუკა მდინარაძეს ჰქონდა. სამართალდამცავი უწყებების მიმართულებით მისი საქმიანობა ამის ყველაზე კარგი დასტურია. რა თქმა უნდა, ამ პოსტის შექმნა მამუკა მდინარაძის გამოცდილებიდან, წონიდან და ცოდნიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები