ირაკლი კობახიძე: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც „დიპ სტეიტის“ დავალებით მოხდა, ისევე, როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო „დიპ სტეიტის“ პირდაპირი დავალება, რომლის მთავარი ხელწერაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა, ქვეყნების შიგნით კი საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთს წაკიდებაა.

„საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ტრაგედიიდან, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან, უკვე 18 წელი გავიდა, თუმცა, იმ დღეების ტკივილი და მძიმე კვალი დღემდე მოუშუშებელია. აგვისტოს ომმა ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათიათასობით მოქალაქე საკუთარ სახლ-კარს მოწყვიტა და საქართველო ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე დააყენა. მიუხედავად გასული წლებისა, ომის შედეგები კვლავ იგრძნობა, ხოლო დაღუპულთა ხსოვნა და იძულებით გადაადგილებული ადამიანების ტკივილი ჩვენი საზოგადოების საერთო მეხსიერებისა და პასუხისმგებლობის განუყოფელ ნაწილად რჩება.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც საქართველოში „დიპ სტეიტის“ აგენტურას წარმოადგენენ, რაიმე ნაბიჯს დგამდნენ ან დგამენ დამოუკიდებლად. რეალურად, სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო „დიპ სტეიტის“ პირდაპირი დავალება, რომლის მთავარი ხელწერაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა, ქვეყნების შიგნით კი საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთს წაკიდებაა.

შედეგად, მივიღეთ „დიპ სტეიტისთვის“ სასურველი, ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის კი ტრაგიკული მოცემულობა – ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა, 30 ათასამდე იძულებით გადაადგილებული ჩვენი მოქალაქე, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ასზე მეტი ქართული დასახლება, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ერებს შორის გაღვივებული შუღლი.

მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც, რა თქმა უნდა, „დიპ სტეიტის“ დავალებით მოხდა, ისევე, როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა. როგორც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში აღვნიშნე, გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისათვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები