„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ქართველი მილიონერები ყველაზე დიდი მტრები არიან საქართველოსი.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მან თქვა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქართველი მილიონერების მიერ ხელში ჩაგდებული ეროვნული სიმდიდრეები – წამლის ბიზნესი, ოქრო, მარგანეცი, ბათუმის პორტი, ფოთის პორტი, რკინიგზა და სხვა სახელმწიფო მონოპოლიად გამოცხადდება, გადავა სახელმწიფო მმართველობაში და მიღებული შემოსავლები გადანაწილდება ყველა ოჯახზე.
„ოლიგარქია – ქართველი მილიონერები – ყველაზე დიდი მტერია საქართველოსი, პუტინზე დიდი მტრებია, ივანიშვილზე დიდი მტრებია, მილიარდები აქვთ ჯიბეში ჩაწყობილი ამ თახსირ ფხაკაძეებს, ამ ენუქიძეებს, ამ რა ვიცი მთელ, ვითომ რომ ოპოზიციონერობენ ზოგიერთები… ზოგიერთებს ვთხოვე ახლა, რომ დამიფინანსეთ-მეთქი ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი და ჩამეშალა იმის გამო, რომ არავინ არცერთი თეთრი არ დადო, მათ შორის „პე-ეს-პე“-ს ეს ოპოზიციონერი რომ არის, ეს ხისთავა ოქრიაშვილი, მაგასაც ვთოვე, კიდევ სხვებს ვთხოვე, არავინ არ დამიდგა გვერდში. ესენი არიან საქართველოს მტრები.
„მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ: საქართველოს ყველაზე დიდი დამაქცევარი არის ქართველი მილიონერი, ამიტომ ჩვენ, როგორც კი მოხდება ხელისუფლების დემონტაჟი, უნდა დავამათავროთ მათი გრიალი ქართულ ეკონომიკაში. ეროვნული სიმდიდრეები, რაც ხელში ჩაიგდეს – ეს არის წამლის ბიზნესი; ეს არის ოქრო; ეს არის მარგანეცი; ეს არის ბათუმის პორტი; ეს არის ფოთის პორტი; ეს არის ბაქო-ჯეიჰანი; ეს არის შაჰდენიზი; ეს არის ტრანზიტული გადაზიდვები საქართველოს ტერიტორიაზე, მილიარდებია, ეს ყველაფერი სახელმწიფო მონოპოლიად გამოცხადდება, გადავა სახელმწიფო მმართველობაში, მათ შორის რკინიგზა, და მიღებული შემოსავლები გადანაწილდება ყველა ოჯახზე, ყველა პიროვნებაზე, სკანდინავიური სოციალიზმის მოდელით.
„ასეა ნორვეგიაში. გაზის და ნავთობის შემოსავალი ყველა ნორვეგიელზე ირიცხება ყოველი თვის ბოლოს, ხოლო ეს მილიონერები, რომლებიც ასე ღუპავენ ქვეყანას, ამათ რომ დაეფინანსებინათ წინააღმდეგობის მოძრაობა, ეს პატიმრის დედები ასეთ დღეში კი არ იქნებოდნენ, შვილები სახლში ეყოლებოდათ, რეჟიმი დამთავრდებოდა. ჩვენგან მოპარული მილიარდებიდან, კაპიკის გაღება არ უნდათ.
„იქ, მეფე რომ დაამხეს რუსეთში, ვინა აფინანსებდა იმ რევოლუციონერებს, თუ იცით?! სად ჰქონდათ რევოლუციონერებს ფული, ტილები ჭამდათ, აფინანსებდნენ მაშინდელი ოლიგარქები, მაროზოვები და პუტინოვები და სხვები, ისინი აფინანსებდნენ, ხედავდნენ, რომ მეფის რეჟიმი გამოლპა და ვერ ხედავთ, თქვე გაჭირვებულებო, რომ გამოლპა თქვენი მეფის რეჟიმი?! ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით.
„ჩვენ უნდა ავიღოთ კურსი უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც შემოვლენ, სამუშაო ადგილებს გახსნიან, ქარხნებს ააშენებენ, ფაბრიკებს აახმაურებენ და არ ექნებათ პოლიტიკური პრეტენზია, ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, უცხოეთის მოქალაქეები არიან, ბიუჯეტში გადაიხდიან, თქვენ ხელფასს მოგცემენ, ეკოლოგიას დაიცავენ, ზნეობას დაიცავენ, არ გადაიქცევიან ყაჩაღთა სექტად.
„ამ გზით დადგა ფეხზე სინგაპური, სადაც ახლა ეს ერთუჯრედიანი, ბიძინას მონა გაემგზავრა, პრემიერ-მინისტრი, მაგრამ კარგს ვერაფერს იქაც ვერ ისწავლის. ამ გზით დადგა ფეხზე სამხრეთ კორეა; ამ გზით დადგა ფეხზე დღემდე ისრაელი.
„უცხოელი ინვესტორები, მეგობრებო. ქართველი მილიონერი და მილიარდერი არის თქვენი, თქვენი შვილების მტერი. ამას გეუბნებით, როგორც რიგითი ქართველი, როგორც თქვენი ოჯახის წევრი, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

