ვანში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აშენდება ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და დამატებითი სათავსოები. პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ვანის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გოგორიშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
ვანში ახალი ტექნიკური ცენტრი შექმნის თანამედროვე სავარჯიშო გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის ზრდას, ისე რეგიონში ფეხბურთის განვითარებას.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


