რომან გოცირიძე: ტრამპმა უარი თქვა ივანიშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ სასანქციო პოლიტიკაზე. ამ უკანასკნელის დადასტურებაა კონგრესში ე.წ. მეგობარი აქტის გაურკვეველი ვადით შეჩერება

„რა კატასტროფულ მდგომარეობაში უნდა იყოს „ოცნების“ ხელისუფლება, რომ მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა რიგით კონფერენციაში, რომელიც ამერიკაში გაიმართა, დიდ წარმატებად გაასაღოს.

ამერიკის მხრიდან გარკვეული დათბობის ნაბიჯების გადადგმა (თუნდაც ტრამპის სამადლობელი წერილი) ალბათ ორ რამეს ნიშნავს: პირველი-საქართველოს სრული იზოლაცია რუსეთის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას მოასწავებს, რის დაშვებაც არ უნდათ; და მეორე – ტრამპმა უარი თქვა ივანიშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ სასანქციო პოლიტიკაზე. ამ უკანასკნელის დადასტურებაა კონგრესში ე.წ. მეგობარი აქტის გაურკვეველი ვადით შეჩერება.

პირადად ჩემი აზრით, არც ერთი მიდგომაა სწორი და არც მეორე.

ის, რომ ამერიკელების მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის მიწაზე ტრამპ თაუერი შენდება, ამაზე თვალის დახუჭვა სწორი არ არის. ეს მიწა სულ ახლახან გაიყიდა ამ ცათამბჯენის ამშენებელ კომპანიაზე, მანამდე კი მის ოჯახს ეკუთვნოდა. ფორმალურად ივანიშვილი პირადად არის დასანქცირებული და არა მისი ოჯახი და კომპანიები. ასეთი ფორმალობა არაფერს ნიშნავს-ნათელია, რომ რაღაც ფორმით ამ გარიგებასთან ივანიშვილიცაა დაკავშირებული.

როგორ უნდა ავხსნათ ტრამპის ოჯახის მონაწილეობა ამ პროექტში? ფინანსური ინტერესით? რა ინტერესი უნდა იყოს დაახლოებით ასი მილიონი დოლარის ღირებულების ცათამბჯენში ბრენდის, სახელის გამოყენებაში? ვთქვათ, 10 მილიონი. ტრამპმა მხოლოდ კრიპტოოპერაციებით 1,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. აქ არა იმდენად ფინანსური, არამედ მორალური ინტერესები ჩანს-ასეთი კოშკების აშენება სხვადასხვა ქვეყანაში სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს.

თუ გლობალური გადასახედიდან მივუდგებით, ტრამპისთვის ივანიშვილი პაიკი კი არა, ნულთან მიახლოებული ფიგურაა. დასავლეთი არ დაუშვებს, რომ საქართველო რუსეთის ლუკმა გახდეს. რაც ჰქონდა რუსეთს, იმასაც კარგავს. მაგრამ მხოლოდ დასავლეთის იმედად ყოფნა არ არის საკმარისი, თავად ხალხია საკუთარი ბედის მჭედელი. ჩვენზეა დამოკიდებული, ვიქნებით თავისუფალი და დამოუკიდებელი ერი, თუ კვლავ რუსეთის უღელს დავიდგამთ.

რაც შეეხება კოშკს, თუ აშენდება, არაა ცუდი-იქ ხალხი მაინც დასაქმდება და ნაგებობა ერთი საუკუნე მაინც გაძლებს. როცა ეს რეჟიმი პოლიტიკურ სანაგვეზე გადაინაცვლებს, არავის გაახსენდება მისი აშენების პოლიტიკური ქვეტექსტები. ან საერთოდ, ღირს კი ერთ ნაგებობას ამდენი პოლიტიკა ავკიდოთ?!“ – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები