4 ივნისს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეფე ჩარლზ III-სთან აუდიენციისას განხილულ იქნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ასევე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს.
„მისმა უდიდებულესობამ, მეფე ჩარლზ მესამემ საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

