დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე, ახალი სკვერი მოეწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, 30-ე კორპუსის მიმდებარედ, ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე, ახალი სკვერი მოაწყო.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე შეიქმნა თანამედროვე და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული.

„დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო. კერძოდ, მე-3 მიკრორაიონში, 30-ე კორპუსის მიმდებარედ განთავსდა სამი განსხვავებული ზომისა და დანიშნულების ფანჩატური, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც დასვენების, ისე სოციალური აქტივობების ჩატარების შესაძლებლობას. სამუშაოების ფარგლებში გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. სკვერში მოწყობილია კალათბურთის მოედანი, სატრენაჟორო სივრცე და საბავშვო ზონა. დამატებით, გათვალისწინებულია ძაღლებისთვის განკუთვნილი დამოუკიდებელი სივრცე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები