დონალდ ტუსკი: ზელენსკის გადაწყვეტილება, უკრაინის არმიის ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ ეწოდოს, პოლონეთის ისტორიულ გრძნობებს ლახავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება უკრაინის არმიის ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ ეწოდოს, ისტორიული უთანხმოების საკითხს გაამწვავებს.

ტუსკის თქმით, ეს ნაბიჯი ყოველგვარი საჭიროების გარეშე წამოწევს ისტორიული უთანხმოების საკითხს საკმაოდ შემაშფოთებელ დონეზე.

„პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ლახავს ჩვენს ისტორიულ გრძნობებს და, ჩემი აზრით, ყოველგვარი საჭიროების გარეშე ამ ისტორიული უთანხმოებებისა და განსხვავებული ინტერპრეტაციების საკითხს საკმაოდ შემაშფოთებელ დონეზე წევს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა უნდა გაიაზრონ, თუ რას ნიშნავს ყოველი პოლონელი ქალისა და ყოველი პოლონელი მამაკაცისთვის მეამბოხეთა არმიის ეს ბნელი მემკვიდრეობა“, – განაცხადა ტუსკმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ უწოდა. ზელენსკის თქმით, „ეს გააკეთა ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღსადგენად“.

როგორც პოლონური მედია წერს, „უკრაინის მეამბოხეების არმიამ“ 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.

პოლონური მედია აღნიშნავს, რომ პოლონეთსა და უკრაინას წლების განმავლობაში განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ნაციონალისტების და მეამბოხეების საქმიანობის შეფასებაზე. პოლონეთისთვის ვოლინის მოვლენები გენოციდს წარმოადგენდა, უკრაინელებისთვის კი – სიმეტრიული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგს, რომელშიც ორივე მხარე თანაბრად იყო პასუხისმგებელი. გარდა ამისა, უკრაინელები „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას“ და „უკრაინის მეამბოხეთა არმიას“ ზოგადად ანტისაბჭოთა ორგანიზაციებად აღიქვამენ და არა ანტიპოლონურად.

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკის განცხადებით, ზელენსკის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის წევრობისთვის მზად არ არის. ამასთან, პოლონური მედიის ცნობით, ნავროცკის სურს, ზელენსკის პოლონეთს უმაღლესი ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვას, რომელიც მას 2023 წელს პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მიანიჭა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები