პუტინი შურისძიებით დაიმუქრა მას შემდეგ, რაც უკრაინა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაში დაადანაშაულა

GUARDIANGE – რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შურისძიებით დაიმუქრა მას შემდეგ, რაც უკრაინა აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

პუტინის თქმით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სტარობილსკში ღამით მომხდარი დარტყმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა, 15 კი დაკარგულად ითვლება.

უკრაინის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მან სტარობილსკში რუსეთის ელიტური სამხედრო დანაყოფის „რუბიკონის“ შტაბ-ბინა დაბომბა. მათ არ დაუკონკრეტებიათ, ეს იგივე შენობა იყო თუ არა, რომელიც რუსეთმა დაასახელა.

„მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის სამხედრო ობიექტები, დაზვერვის სამსახურის ობიექტები ან მასთან დაკავშირებული სამსახურები. ამიტომ, აბსოლუტურად არ არსებობს საფუძველი იმის მტკიცებისა, რომ შენობაში საბრძოლო მასალა ჩვენი საჰაერო თავდაცვის ან ელექტრონული საბრძოლო სისტემების მოქმედების შედეგად მოხვდა“, –  განაცხადა პუტინმა მოსკოვში პარასკევს, 22 მაისს, კრემლის რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე.

მან რუს სამხედროებს უბრძანა, მოემზადებინათ „წინადადებები“ საპასუხო ქმედებებთან დაკავშირებით.

რუსეთის ლიდერის თქმით, უკრაინული დარტყმა, 16 დრონის გამოყენებით, სამ ტალღად განხორციელდა.

BBC-ის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა ერთ-ერთი დაშავებული სტუდენტი, რომელიც, მათი თქმით, 19 წლის დიანა შოვკუნია.

ტელევიზიის ცნობით, მას თავის ტრავმები ჩამონგრეული ბეტონის ფილის დარტყმის შედეგად ჰქონდა მიღებული.

არ იყო ნაჩვენები იმ ადამიანების ფოტოები ან ვიდეო, რომლებიც მოსკოვის თქმით, დაიღუპნენ.

პარასკევს, მოგვიანებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათი ღამის დარტყმების სამიზნე სტარობილსკში მდებარე „რუბიკონის“ შტაბ-ბინა იყო. უკრაინელმა სამხედროებმა სპეციალური უპილოტო საფრენი აპარატის განყოფილების მებრძოლები უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რეგულარულ დარტყმებში დაადანაშაულეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის ძალები „ზიანს აყენებენ სამხედრო ინფრასტრუქტურას და სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებულ ობიექტებს, მკაცრად იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, ომის კანონებსა და წესებს“.

ხუთშაბათს, 21 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურის, „ფე-ეს-ბე“-ს შტაბ-ბინა უკრაინის სამხრეთ ხერსონის ოლქში, მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბომბეს.

მისი თქმით, დაახლოებით 100 რუსი „ოკუპანტი“ დაიღუპა ან დაიჭრა.

რუსეთის სამხედრო ძალებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ოფიცილაური მოსკოვის ერთ-ერთმა პრო-კრემლისტურმა Telegram არხმა მიყენებული „ზიანის“ შესახებ განაცხადა.

2022 წელს მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინამ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთის სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმებში. ბრალდებას მოსკოვი რეგულარულად უარყოფს.

გასულ კვირას, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი გოგონა, როდესაც რუსულმა რაკეტამ დედაქალაქ კიევში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები