26 მაისს საზოგადოება ლიდერებისგან და არამარტო, მოისმენს გზამკვლევს, როგორ მივდივართ პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე და, მათ შორის, ევროკავშირის გზის დაბრუნებამდე, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქცია იქნება განსხვავებული აქამდე არსებულ აქციებთან შედარებით.
„26 მაისის აქცია დაგეგმვის პროცესშია. აქცია 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება და მარშით თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდება, სადაც იქნება როგორც პოლიტიკური მიმართვები, ასევე კონკრეტული ამბები, რასაც საზოგადოება მოისმენს და ეს არის დამუშავების პროცესში. სიურპრიზები, ცხადია, იქნება, იქნება განსხვავებული, რაც აქამდე ყოფილა და საზოგადოება ლიდერებისგან, და არ მარტო ლიდერებისგან, მოისმენს იმ გზამკვლევს, როგორ მივდივართ პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე, როგორ მივდივართ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე და, მათ შორის, ევროკავშირის გზის დაბრუნებამდე.
ეს არის ალიანსის აქცია, ალიანსი თვისობრივად არის განსხვავებული. ის პოლიტიკური ოპოზიციის ერთობას წარმოადგენს, ძლიერ ალტერნატივას, რომელსაც საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს და ეს კვლევებშიც დადასტურებულია. შესაბამისად, ალიანსისთვის, როგორც პოლიტიკური ალტერნატივისთვის, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას აჩვენოს გზა და სტრატეგია, თუ როგორ მივდივართ თავისუფალ არჩევნებამდე და ამ ქვეყნის ევროპული გზის დაბრუნებამდე.
სპიკერების სია ჯერ საბოლოოდ შედგენილი არ არის, დაგეგმვის პროცესშია, თუმცა ვნახავთ, დაველოდოთ 26 მაისს. მთავარია, ვიყოთ ბევრნი და „ქართულ ოცნებას“ ვაჩვენოთ, რომ არ ვეგუებით. მიდის კონსულტაციები ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთანაც, ვნახავთ 26-ში, ჯერ არ არის საბოლოო სია ჩამოყალიბებული“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.
ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებების შესახებ, რომელთა მიხედვით, 26 მაისის აქცია არ უნდა დაიშალოს, ალიანსი ერთი დროშის ქვეშ გაერთიანდეს და სააკაშვილის გზავნილები გაიზიაროს.
საპასუხოდ ბუტიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ოპოზიციის ალიანსში“ განიხილება სააკაშვილისა და ხაბეიშვილის განცხადებები, ნაწილი გათვალისწინებულია, ნაწილი კი – არა.
„ალიანსის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“, შესაბამისად, ყველა იდეა, რაც თუნდაც ხაბეიშვილისგან ან მიხეილ სააკაშვილისგან მოდის, ამაზე ალიანსში ყოველ ჯერზეა განხილვა და, ცხადია, ნაწილი გათვალისწინებულია, ნაწილი – არა, როგორც სხვა პარტიების შემთხვევებში. გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება, შესაბამისად, ალიანსი იმ პასუხისმგებლობას იაზრებს, რაც საკუთარ თავზე აიღო და იმოქმედებს ისე, როგორც კონსენსუსით შეთანხმდება“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ალიანსში დაპირისპირება არ არის, რატომ არ ესწრება „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის შეხვედრებს, ბუტიკაშვილმა უპასუხა: „ალიანს აქვს ეს თავისუფლება, რომ ინდივიდუალურად ჰქონდეს პროექტები და, მათ შორის, პარტიული განვითარებისთვის იზრუნოს“.

