თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენით ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა ცნობილ იქნენ დამნაშავედ.
ლევან ხაბეიშვილს სასჯელის სახედ 2 წლით და 6 თვით, ხოლო მურთაზ ზოდელავას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ლ. ხაბეიშვილს ბრალად ედებოდა უკანონოდ ქმედების სანაცვლოდ, მოხელისათვის ქრთამის დაპირება, ( დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 339 მუხლის მეორე ნაწილით) და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება ( დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 317 მუხლით). ხოლო მურთაზ ზოდელავას გამოძიებისათვის ხელის შეშლა (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით)
საქმის არსებითად განხილვის შედეგად, ლ. ხაბეიშვილისათვის ბრალად წარდგენილი ქმედება (საქართველოს სსკ-ის 339 მუხლის მეორე ნაწილი) გადაკვალიფიცირდა (საქართველოს სსკ-ის მუხლის 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე (საბოტაჟი), რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლევან ხაბეიშვილი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებისთვის ( დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით) რისთვისაც მას სასჯელის სახედ განესაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ლევან ხაბეიშვილს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, განესაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

