არის მცდელობა, საზოგადოება გაყონ და მათში დაპირისპირება შეიტანონ. ამიტომ, ასეთი მომენტები კარგი ინდიკატორია, რათა ამოვიცნოთ, ვინ არის ის, ვინც მტრობს ქართულ საზოგადოებას, ვინც ცდილობს, ეკლესია დაჰყოს, დაპირისპირება შეიტანოს და ეკლესია და საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპიროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ეს ის ადამიანები და ხელისუფლებები არიან უცხოეთიდან, რომლებიც საქართველოს მიმართ მავნე მიზნებს ახორციელებენ“.
„ცოტა ხნის წინ, როცა კონტრდაზვერვითი საქმიანობის გაძლიერებაზე იყო საუბარი, მამუკა მდინარაძემ ახსენა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყანაა, რომელიც საქართველოში მსგავს საქმიანობას ეწევა. რა თქმა უნდა, შეიძლება, ასეთ ქმედებებს ამ მიმართულებითაც ჰქონდეს ადგილი. ღიად ვხედავთ, როგორ იქცევიან. პოლონეთის მთავრობამ პროპაგანდისტული არხი ქართულ ენაზე ჩართო და პირველი, რაც გააკეთეს, ქართულ ეკლესიას თავს დაესხნენ. არ ვიცი, პოლონეთის მთავრობას თუ ჰგონია, რაიმე უფლება აქვს, საქართველოს ეკლესიას თავს დაესხას, ეს მათი დიდი პრობლემაა, რადგან ეკლესიის სიდიდესთან მიმართებით საკუთარ სიმცირეს ვერ აცნობიერებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

