მიხეილ ყაველაშვილი: უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას

30 აპრილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე, ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად მსახურობენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხს აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია, საუკუნეების განმავლობაში წინაპრები დაუღალავად იბრძოდნენ საკუთარი იდენტობის, სარწმუნოებისა და მიწა-წყლის დასაცავად.

„საქართველოს თავდაცვის ძალების დღე არა მხოლოდ სამხედროების პროფესიული დღესასწაული, არამედ მთელი საზოგადოების ერთიანობის, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისა და ეროვნული თვითშეგნების გამოხატულებაა.

ქართველი ხალხის ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა. სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები დაუღალავად იბრძოდნენ საკუთარი იდენტობის, სარწმუნოებისა და მიწა-წყლის დასაცავად. სწორედ ამ უწყვეტმა პრინციპულმა ბრძოლამ ჩამოაყალიბა ჩვენი ეროვნული ხასიათი და ის შინაგანი ძალა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას არაერთი ისტორიული განსაცდელი გადაატანინა“, – განაცხადა  მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, სამხედრო სამსახური ეროვნული ერთობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს.

 „ჩვენთვის, ქართველებისთვის, სამხედრო სამსახური მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის ღრმა ტრადიციის გაგრძელება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ტრადიციის, რომელიც ერთ მთლიანობად კრავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, და ჩვენი ეროვნული ერთობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები