„რატომ აქვს პატრიარქის არჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა?
არა იმას თუ ვის აირჩევენ, არამედ თუ როგორ აირჩევენ.
წმიდა სინოდის 39 წევრიდან ყველას ღირსეულად შეუძლია ატაროს პატრიარქის ტიტული, თუმცა 8 (ან 9) ეპისკოპოსს არ შეუძლია ეს „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა – გამგეობის დებულების“ (შემდგომში: „დებულება“) მიერ დადგენილი ასაკობრივი ცენზის გამო.
წმიდა სინოდის 30 (ან 31) წევრი სრულ ნდობას იმსახურებს და ყველა ეპისკოპოსი ილია II-ის მიერაა ხელდასმული.
ეპისკოპოსებიდან მხოლოდ თანამოსაყდრეზე გვაქვს წარმოდგენა, თუ რეალურად როგორი პატრიარქი იქნება ის.
ისიც მიახლოებით, რადგანაც არავინ არ იცის, პატრიარქის სრული უფლებამოსილება მის ქცევაზე როგორ აისახება.
სინოდის არჩევანი პატივისცემის ღირსია და ასეც იქნება, თუ არჩევნები ჩატარდება დაუეჭვებლად, ობიექტურად, არასაკამათოდ, ჩარევის გარეშე, სინოდის მიერ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) სრული დაცვით.
სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ ,საქართველოში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არჩევნების (პრეზიდენტის, საპარლამენტო, ავტონომიური რესპუბლიკების,თვითმმართველობების) ჩატარების დიდი გამოცდილება დაგროვდა.
სამწუხაროდ, ეს გამოცდილება ძირითადად უარყოფითია.
ფაქტობრივად, დამოუკიდებელ საქართველოში არჩევნები, სხვადასხვა მასშტაბის მანიპულაციების გარეშე არ ჩატარებულა.
იყო არჩევნები, რომლის შედეგები უმრავლესობას აკმაყოფილებდა, მაგრამ არ ყოფილა არჩევნები, რომლის შედეგებიც ყველასათვის უკამათო იყო.
ჩემი აზრით, ქვეყნის საშველი მაშინ გამოჩნდება, როდესაც ყველა აღიარებს არჩევნების შედეგებს.
პოლიტიკური არჩევნების შედეგებისა და ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველო ქრონიკულ პოლიტიკურ დაპირისპირებასა და კრიზისშია.
ქვეყანაში არჩევნებისადმი სრული უნდობლობის პირობებში ბუნებრივად გაჩნდა კითხვა – პატრიარქის არჩევნები მანიპულირებული იქნება, თუ არა?
მით უმეტეს, რომ პატრიარქის არჩევნების ჩატარების გამოცდილება საქართველოს, დამოუკიდებელობის ბოლო 35 წლიან ისტორიაში, არ აქვს.
საქართველოს საპატრიარქო იმართებოდა პატრიარქის, ილია II-ის ავტორიტეტის ძალით, ხოლო პარალელურად ქვეყნის მართვა მიმდინარეობდა ძალის ავტორიტეტის გამოყენების გზით. ასე იყო ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. ასეა დღეს, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ხანაში.
საქართველოს ახალმა პატრიარქმა საეჭვოა, თავისი აღსაყდრების პირველ წლებში მაინც, შეძლოს ილია II-სეული ავტორიტეტის ძალის მოპოვება.
მას მოუწევს ეკლესიის მართვა ძალის ავტორიტეტის გამოყენებით, ანუ საეკლესიო კონსტიტუციის – „დებულების“ საფუძველზე, ხოლო სახელმწიფოსთან ურთიერთობის ფორმალიზება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ საკონსტიტუციო შეთანხმებით. (https://matsne.gov.ge/ka/document/view/41626?publication=0).
საარჩევნო პერიოდში სინოდს ექნება სხვადასხვა ინტერესების შედეგად ფორმირებული ზეწოლა.
რუსეთი, როგორც სახელმწიფო, ისე მისი მართლმადიდებელი ეკლესია ეცდება, საქართველოს პატრიარქი გახდეს სინოდში მისადმი ყველაზე ლოიალური პირი.
დასავლეთი ეცდება პატრიარქი გახდეს ილია II-ის „საქართველოს ევროპიზების“ (წმ. ილია მართალი) პოზიციის გამგრძელებელი სინოდში.
ქვეყნის შიგნით, ყველა პოლიტიკური, ფინანსური, რელიგიური ჯგუფი ეცდება, მისდამი ლოიალური პირის გაყვანას.
ქვეყნის შიგნით ზემოქმედების ყველაზე დიდი რესურსი გააჩნია საქართველოს სახელმწიფოს და მის არაფორმალურ, სოლოკრატიულ მმართველს ბიძინა ივანიშვილს.
აქ ბევრი ვარიანტია, ქვეყნის შიდა და გარე ინტერესების დამთხვევისა და მათ მიერ ერთობლივად, სინოდის 39 წევრზე, ზეწოლის განსახორციელებლად.
ზეწოლის ქვეშ იქნება სინოდის 39 წევრი!
არც ქართველი ხალხი, არც მთლიანად საქართველოს ხალხი, ვინც ილია II, ასეთი მადლიერებით გააცილა ამ სოფლიდან, ამ არჩევნებში არ მონაწილეობს!
საკითხს წყვეტს სინოდის 39 წევრი!
თუ სინოდის 39 წევრი შეძლებს აღნიშნული ზეწოლის ნეიტრალიზებას,- რომელიც ,მსგავს შემთხვევებში მათ მამაზე – ილია II-ზე გადადიოდა და მის ფრთებ ქვეშ ისინი ამაზე არ ზრუნავდნენ, – მაშინ შეიძლება, პირველად პოსტკომინისტურ პერიოდში, საქართველოში ჩატარდეს უკამათო არჩევნები და საქართველოს დემოკრატიული აღორძინებისათვის ამ მაგალითის საყოველთაო გავრცელებას დასაბამი მიეცეს.
სად არის ამ ისტორიაში მრევლი?
მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში?
ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ, მრევლის ქცევები მნიშვნელოვნად შეიცვლება. ის, რასაც არ თხოვდა ილია II-ს, მოსთხოვს ახალ პატრიარქს.
კერძოდ, მრევლის ადგილისა და როლის დამკვიდრებას საეკლესიო ცხოვრებაში „დებულებაში“ მოცემული ნორმების შესაბამისად.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა თავისი უფლებების წარმოჩენა პატრიარქის საარჩევნო პროცესში შეიძლება ძალიან სუსტად, მაგრამ მაინც დაიწყოს.
საარჩევნო „სენდვიჩი“ პირობითად ასე გამოიყურება: ზედა ფენა – ინტერესების ჯგუფები, შუა ფენა – 39 ეპისკოპოსი და ქვედა ფენა – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი (საკითხის ფილოსიფიური-ეგზისტენციალური მნიშვნელობის გამო შეიძლება აქ ვიგულისხმოთ სრულიად საქართველოს მოსახლეობა).
ქვედა ფენას, მოლოდინის გარდა, შეუძლია აქტიური პოზიცია დაიჭიროს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაში მონაწილეობისათვის ეპარქიებსა და სხვა ინსტიტუტებში საერო დელეგატების არჩევის საკითხებით დაინტერესებისა და გაფართოებულ კრებაზე მათთვის გამოსათქმელი პოზიციების დელეგირებისათვის.
ნებისმიერი პროცესისადმი სანდოობას განსაზღვრავს მისი ღიაობა.
სინოდის მხრივ ღიაობის გამოხატულება იქნებოდა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების დელეგატთა შერჩევის პროცესის გასაჯაროება, პატრიარქობისათვის სამი კანდიდატის პიროვნებათა განვლილი ცხოვრების გზის შესახებ ინფორმაციის სრულად მიწოდება მოსახლეობისადმი და სხვ.
ვუსურვებ , სინოდის 39 წევრს განგებამ მიაღებინოს უმამოდ დარჩენილი ძმობის განმამტკიცებელი სწორი გადაწყვეტილება ისეთი ფორმით, რომელიც გახდება გზა საქართველოს სამომავლო განვითარებისათვის.
გზა, რომელიც საქართველოს მიიყვანს – „ღვთისმშობლის ტაძრამდე“ და არავის არ დაებადება კითხვა: „რისი მაქნისია გზა, თუკი ტაძართან არ მიმიყვანს?“ – წერს პროფესორი მიხეილ ჯიბუტი სოციალურ ქსელში.
მიხეილ ჯიბუტი საქართველოს პატრიარქის არჩევის წესს დეტალურად განმარტავს:
„საქართველოს პატრიარქის არჩევა უნდა ჩატარდეს „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა – გამგეობის დებულების“ (შემდგომში: “დებულება“) შესაბამისად ა.წ. 26 აპრილის შემდეგ და არაუგვიანეს 17 მაისამდე.
ის ტარდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე, წმინდა სინოდმა უნდა აირჩიოს პატრიარქობის სამი კანდიდატი თავისი შემადგენლობიდან, ანუ 39 ეპისკოპოსისგან, კენჭისყრით (თავის შეკავების უფლება არავის არ აქვს). კანდიდატად შეიძლება დასახელდეს, მათ შორის თვითდასახელების წესითაც, სინოდის ყველა წევრი, თუ მას ხელს არ უშლის პატრიარქობისათვის აუცილებელი ეროვნული, ასაკობრივი, საგანმანათლებლო, ბერობის ცენზი.
თანამოსაყდრეობა არის გამორჩეულობა, მაგრამ პატრიარქად გახდომისათვის არავითარ უპირატესობას არ შეიცავს სხვა ეპისკოპოსებთან მიმართებაში.
დღევანდელი წმიდა სინოდის 39 წევრიდან ყველა ეპისკოპოსი (https://patriarchate.ge/sinodi/members/all) ილია II-ის მიერაა ხელდასმული და გვწამს, რომ თითოეული მათგანი „სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სიწმინდითაა“გამორჩეული („დებულება“, თავი VII, §4.1) და არჩევის შემთხვევაში ღირსეული იქნება პატრიარქის ტახტზე.
თუმცა, „დებულების“ მიხედვით, პატრიარქობის კანდიდატს აქვს ასაკობრივი ცენზი – მინიმალური 40 და მაქსიმალური 70 წელი.
წმიდა სინოდის წევრთა შორის 40 წლის ასაკზე ახალგაზრდა არავინაა. წევრთა რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შემდეგია: 50 წლამდე -3 ეპისკოპოსი, 51-56 წლის -5, 56-60 წლის -4, 61-65 წლის-10, 66-70 წლის-9,71-75 წლის-4,76-80 წლის-4 ეპისკოპოსია. ორ ეპისკოპოსს 70 წელი უსრულდება 2026 წელს. ერთს -7 მაისს, მეორეს -18 ივლისს. თუ არჩევნები ჩატარდება 7 მაისამდე, მაშინ ორივე მათგანს შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს პატრიარქობაზე, თუ არა და მხოლოდ მეორეს. ამდენად, 8 ეპისკოპოსი და შესაძლებელია 9-ც, ასაკობრივი ცენზის გამო ვერ გახდება პატრიარქობის კანდიდატი.
პატრიარქობისათვის სამი კანდიდატი სინოდის 39 წევრმა უნდა შეარჩიოს თავისი შემადგენლობის 31 ან 32 წევრისგან. გარედან კანდიდატურის წარდგენა გამორიცხულია.
მეორე ეტაპზე, სინოდის მიერ შერჩეული სამივე კანდიდატი საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას წარედგინება.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაში მონაწილეობენ („დებულება“, თავი III, §3) საქართველოს სინოდის წევრები და დელეგატები შემდეგი კვოტებით:
-ყოველი ეპარქიიდან 2 სასულიერო და 1 – საერო პირი;
-თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან – 2-2 დელეგატი;
-გელათის მეცნიერებათა აკადემიიდან-4 დელეგატი;
– „მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც იქნება მოწვეული ყველა დანარჩენი ეპარქიიდან“!
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები („დებულება“, თავი III, §4), ხოლო სხვა დელეგატებს აქვთ სათათბირო ხმა.
39 ეპისკოპოსი, საკუთარი რწმენით, საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე გამოთქმულ მოსაზრებათა გათვალისწინებით, ფარული კენჭისყრით, თავის გადაწყვეტილებას პატრიარქობის სამი კანდიდატიდან შეაჩერებს ერთ-ერთზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნება ის კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს („დებულება“, თავი IV, §15).
თეორიულად, გამსვლელია 20 ხმა, თუმცა პრაქტიკულად შეიძლება იყოს სხვა ვარიანტებიც.
ველოდებით!“

