ლევან ბეჟაშვილი: საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით, ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულის შესახებ „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულო ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელების შეტანა რამდენიმე ეტაპად მოხდება.

„პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და სამართალწარმოების პროცესს იწყებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ხელისუფლების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით, „ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა ისეთი კანონმდებლობა, სადაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. იდევნებიან რიგითი პროტესტანტები, სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ტელევიზიები და ჯერი უკვე პარტიებია გაუქმებაზეც მიდგა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმედი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომელიც მიტაცებულია და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას.

ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების ეტაპზე. ამიტომ,  ვიწყებთ „ქართულო ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელების შეტანას რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე უკვე შევიდა შესაბამისი სარჩელი წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის, ღალატის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით. წულუკიანის კომისიამ ფაქტების გამოძიება არ აწარმოა, შექმნა დოკუმენტი, რომელიც არის ასავალ-დასავალის სტატიების კრებული და ამით ცდილობს, დაარტყას საქართველოს უახლეს ისტორიას. მეორე ეტაპზე გასაჩივრდება და ამავე კვირაში შევა იმ კანონების ანტიკონსტიტუციური სარჩელები, რომლითაც, პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ აუქმებს პარტიებს. იცით, რომ აზეთი კანონმდებლობა, ასეთი საფუძვლები არც ჩვენს კანონებში, არც კონსტიტუციაში გაწერილი არ იყო და „ქართულმა ოცნებამ“ მიტაცებული ხელისუფლების საფუძველზე შექმნა სპეციალური კანონები, რომლითაც ცდილობს ქვეყანაში დემოკრატიის გაუქმებას. მესამე ეტაპი არის საკუთრივ „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით. პარტიაში იყო განსხვავებული აზრები, ასეთ ვითარებაში, როდესაც, პრაქტიკულად, ყველა ინსტიტუტი ჩამოშლილია და სრულად კონტროლდება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რამდენად ღირდა სამართალწარმოების დაწყება და „ოცნებასთან“ ამ პოლემიკაში შესვლა, მაგრამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე მართებულად ჩაითვალა, რომ ამ ეტაპზე მოხდეს ჩვენი მხრიდან ისეთი არგუმენტების წარდგენა, რაც საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი იქნება ევრო სასამართლოში.  „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა რუსული რეჟიმი და ამ რეჟიმს სჭირდება ბრძოლა ყველა ეტაპზე. „ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას გააგრძელებს ყველა ეტაპზე საბოლოო გამარჯვებამდე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები