შალვა პაპუაშვილი სამცხე-ჯავახეთს, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერს ესტუმრა.

„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს სამცხე-ჯავახეთში ვიმყოფები, კერძოდ ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სულიერ ისტორიაში განსაკუთრებულ როლს ატარებს, სწორედ ამ მხარეს უკავშირდება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა და ის გზა, რომელმაც საქართველო ქრისტიანულ სახელმწიფოდ აქცია.

1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია. ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც გვაერთიანებს და გვაძლიერებს“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარე ჰაოსის და ქართლოსის მონუმენტთან ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„წელს, როდესაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოს ისტორია, კულტურა და სახელმწიფოებრიობა საერთო ფესვებიდან იღებს სათავეს.

ჰაოსის და ქართლოსის მონუმენტთან ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდით და მათთან ერთად ვისაუბრეთ იმ ღირებულებებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დღესაც აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას.

ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ მემკვიდრეობას, გავაძლიეროთ ეროვნული ერთობა და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ის ფასეულობები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა სახელმწიფო. ჰაოსის და ქართლოსის მონუმენტი კი ამ ერთიანობისა და საერთო ფესვების სიმბოლოდ რჩება“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღესვე, პაპუაშვილი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს რეზიდენციაში კოლეგებთან ერთად ეწვია.

„ვისაუბრეთ ჯავახეთის განსაკუთრებულ როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაში, რეგიონის განვითარების შესაძლებლობასა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.

მეუფე ნიკოლოზს მადლობა გადავუხადე მასპინძლობისთვის და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ის წლების განმავლობაში ემსახურება. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯავახეთში სასულიერო ცხოვრების გაძლიერებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში“, – აცხადებს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები