არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): ვწუხვარ, რომ პატრიარქს ასეთი განსაცდელი დავატეხე თავს. დღეს სუს-ის მანქანები დარბოდნენ, 5-6 მანქანა შევიდა და პატრიარქსაც დიდი ბრძოლა მოუწია. მადლობა უწმინდესს, რომ მაინც დაიცვა ჩემი მღვდლობა

მოულოდნელი იყო გადაწყვეტილება. ვიცი, მამა ანდრიას ბევრად მეტი უნდოდა ჩემთვის, ეკლესიიდან ჩემი განკვეთა უნდოდა, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე (ყურაშვილმა) განაცხადა.

არქიმანდრიტი პატრიარქს მადლობს უხდის, რომ მისი მღვდლობა დაიცვა.

„ვწუხვარ, რომ პატრიარქს ასეთი განსაცდელი დავატეხე თავს. დღეს სუს-ის მანქანები დარბოდნენ, 5-6 მანქანა შევიდა და პატრიარქსაც დიდი ბრძოლა მოუწია. მადლობა უწმინდესს, რომ მაინც დაიცვა ჩემი მღვდლობა. რაც შეეხება ბეთლემის ტაძარს, არათუ ბეთლემის ტაძარი, ჩემი ოფლით და სისხლით ნაშენები სამი მონასტერი მაქვს დატოვებული. დატოვების პროფესიონალი ვარ. თავის დროზე სამებაც მაქვს დატოვებული, მონასტრებიც, ახლა – ბეთლემი. მადლობა ღმერთს, არქიმანდრიტი ვარ, აქ, სამებაში ვცხოვრობ. ძალიან ბევრი იყო ისეთი ადამიანი, ვინც ბეთლემში ვერ ამოდიოდა და იმედია, აქ მოვლენ. მრევლს ვეტყვი, რომ კვირას მობრძანდნენ ტაძარში და მეც მამა ილიასთან ერთად ვიქნები და ყველას ვაზიარებ. ვოლსკი ჩემი ლოცვის კომპეტენციაში რომ ერევა და განიხილავს, ნიშნავს, რომ ქვეყანა დაღუპულია, ეკლესიაც დაღუპულია. სად ვოლსკი და სად არქიმანდრიტი დოროთე. „მამაო ჩვენოს“ ციტატა თქვა და ისიც დამახინჯებით, „მამაო ჩვენოც“ არ იცის ბოლომდე. „უფალო, შემიწყალენ“ რომც იძახონ, უფალი მათ არ და ვერ შეიწყალებს, რადგან ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში ხალხს ხოცავენ და ქვეყანას ღუპავენ, არ შეიწყალებს ღმერთი, ქრისტიანები არ არიან“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.

საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის შუამდგომლობის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და გაამწესა წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი. ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ბრძანებაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები