Thursday, January 30, 2025
4.8 C
Tbilisi

ფედერალურმა მოსამართლემ დროებით დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ფედერალური გრანტების და სესხების გაყინვა

GUARDIANGE – აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ სამშაბათს, 28 იანვარს, დროებით დაბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ფედერალური დაფინანსების შეჩერება იმ ფონზე, როცა მისი ადმინისტრაცია პროგრამების საყოველთაო იდეოლოგიურ მიმოხილვას ახორციელებს იმ მიზნით, რომ განსაზღვროს, თუ რომელი პროგრამები შეიძლება დაექვემდებაროს გაგრძელებას.

მოსამართლის გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობისთვის ყველაზე ქაოტური დღეა მას შემდეგ, რაც ტრამპი დაბრუნდა თეთრ სახლში. პრეზიდენტის აღმასრულებელმა განკარგულებამ გაურკვევლობა წარმოშვა გადამწყვეტად სასიცოცხლო დაფინასებასთან დაკავშირებით და პანიკა და დაბნეულობა გამოიწვია შტატებში, სკოლებსა და ორგანიზაციებში, რომლებიც ვაშინგტონის ტრილიონობით დოლარზე არიან დამოკიდებული.

აშშ-ის საოლქო მოსამართლემ, ლორენ ელ ალიხანმა დაბლოკა დაფინანსების გაყინვა მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ის ამოქმედდებოდა. სასამართლოში სარჩელი იმ არაკომერციულმა ჯგუფებმა შეიტანეს, რომლებიც ფედერალურ ფულს იღებენ. გადაწყვეტილება 3 თებერვლის შუადღემდეა ძალაში. უახლოეს საათებში, ამ საკითხზე კიდევ ერთი სასამართლო განხილვაა დაგეგმილი.

თეთრ სახლს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. უფრო ადრე, ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სესხებისა და გრანტების შეჩერების გადაწყვეტილება აუცილებელი იყო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხარჯები ტრამპის მიერ ახლახან გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებებს შეესაბამებოდეს. „რესპუბლიკელ“ პრეზიდენტს სურს გაზარდოს წიაღისეული საწვავის წარმოება, მოხსნას ტრანსგენდერი ადამიანების დაცვა და დაასრულოს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (ინკლუზიურობის) ძალისხმევა.

„დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტ ტრამპს არ ჰქონდა უფლება ცალმხრივად შეეწყვიტა კონგრესის მიერ გამოყოფილი ფულის ხარჯვა. ალიხანის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში, 22 შტატისა და კოლუმბიის ოლქის „დემოკრატმა“ გენერალურმა პროკურორებმა მათ მიერ მომზადებული სარჩელი შეიტანეს სასამართლოებში, რათა სამუდამოდ დაბლოკონ ადმინისტრაციის მიერ ფედერალური დაფინანსების შეწყვეტა.

„ეჭვგარეშეა, რომ ეს პოლიტიკა არის დაუფიქრებელი, საშიში, უკანონო და არაკონსტიტუციური“, – თქვა ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა.

მოსამართლე ალიხანმა, რომელიც პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენის მიერ არის დანიშნული, გადაწყვეტილების გამოტანისას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, თუ რამდენად იყო დაზუსტებული დაფინანსების გაყინვის დეტალები.

„როგორც ჩანს, ფედერალურმა მთავრობამ ამჟამად არ იცის იმ პროგრამების სრული მასშტაბი, რომელიც დაპაუზებას ექვემდებარება“, – თქვა მოსამართლემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები